გროზნოს სასამართლომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) დღეს, 7 აპრილს, გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 6 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
გადაწყვეტილება, რომელიც გროზნოს შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ 12 მარტს FSB-ის „მტკიცებულებების“ საფუძველზე მიიღო, ასევე „ტერორისტულად“ აცხადებს „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის“ 29 ქვედანაყოფს ევროპის 14 ქვეყანაში.
რუსული სპეცსამსახური აცხადებს, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის“ წევრები იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ; მონაწილეობენ დივერსიებში რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
„ყველა, ვინც დაკავშირებულია მოცემული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობასთან და ეხმარება მას, დადგინდება და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლიდან ორგანიზაციას დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“ თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომელიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 1993 წლიდან 1999 წლამდე არსებობდა. ის ჩეჩნეთის მეორე ომის დროს იქნა ლიკვიდირებული. მას შემდეგ ჩეჩნეთის მეთაური ახმატ კადიროვი (რეგიონის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის მამა) გახდა.
ახმედ ზაკაევი „იჩქერიის“ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ კი საველე მეთაური გახდა. 2001 წელს რუსეთმა ის ტერორიზმის ბრალდებით საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. 2003 წელს ლონდონის სასამართლომ უარი თქვა მის ექსტრადიციაზე, რადგან ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. მას შემდეგ ზაკაევი დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსით ცხოვრობს. 2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა ბატალიონის ფორმირებისთვის და დაუსწრებლად 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
პარალელურად, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობა ჯერ „ექსტრემისტულად“, შემდეგ კი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში რამზან კადიროვი იმუქრებოდა და აცხადებდა, რომ უკრაინაში მყოფ ზაკაევს ხელში ჩაგდებდა.
