ანტიკორუფციული ბიურო ექვს არასამთავრობო ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. ფარას კანონის დარღვევას ედავება და მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. ამის შესახებ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად“, - თქვა პატარაიამ.
ანტიკორუფციული ბიუროს წერილის ადრესატები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „მედიის განვითარების ფონდი“.
„მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად.
ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა;
ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს.
ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ისინი აღნიშნავენ, რომ პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს.
„მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

