გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლალი გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პროევროპული აქციების მონაწილეს, 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის საბაბით დააკავეს, „ქართული ოცნების“ ახალი კანონით ასამართლებენ. ადვოკატის ცნობით, მან შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბ მენთეშაშვილი პირველად 24 ოქტომბერს, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მაშინ მას 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ მენთეშაშვილის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც მოსამართლეს ის პატიმრობაში უნდა დაეტოვებინა.

ადვოკატ ჯანო ჭკადუას განცხადებით, ზურაბ მენთეშაშვილს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან და მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვთის ღონისძიების გამოყენება არ შეიძლებოდა. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და 10 წლის შვილი ჰყავს.

„მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული იქნა არა ბატონი ზურაბის მიმართ, არამედ მიმართულია საზოგადოებისკენ, იმისთვის, რომ დაითესოს შიში და ხალხმა აღარ გააგრძელოს პროტესტი რუსთაველის გამზირზე“, – აღნიშნა ჯანო ჭკადუამ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აქციის მონაწილის მიერ გზის გადაკეტვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ერთწლიანი პატიმრობა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ შემოიღო. მანამდე 347-ე მუხლი ჯარიმას ან შინაპატიმრობას ითვალისწინებდა აქციის ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის წესის დარღვევა, თუ ეს მძიმე შედეგს გამოიწვევდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.