ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw-ს განცხადებით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილის, 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა არსებული შეშფოთების გამო გადაიდო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ერფან სოლთანის ნათესავებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სიკვდილით დასჯის ბრძანება, რომლის შესახებაც ადრე ეცნობა მის ოჯახს და რომლის აღსრულებაც ოთხშაბათს იყო დაგეგმილი, არ აღსრულდა და გადაიდო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სასამართლომ უარყო ინფორმაცია, რომ ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. სასამართლოს განცხადებით, მას „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა“ და რეჟიმის წინააღმდეგ „პროპაგანდისტულ საქმიანობას“ ედავებიან, რაზეც, ირანის კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ თუ პროკურორები ბრალდებებს დაადასტურებენ და სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს, კანონით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა იქნება.
ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი ერფან სოლთანი 8 იანვარს, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. სამი დღის განმავლობაში ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კარაჯში, ღეზელ ჰესარის ციხეში იყო მოთავსებული. BBC Persian-თან საუბრისას ნათესავმა განაცხადა, რომ ოჯახს უთხრეს, რომ მისი სიკვდილით დასჯა 14 იანვარს იყო დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერფან სოლთანის „ღმერთის წინააღმდეგ ომის“ ბრალდება წარუდგინეს, რაც ისლამური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ახალგაზრდა მამაკაცის ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ სოლთანი შესაძლოა ყოფილიყო პირველი მომიტინგე, რომელსაც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების ფარგლებში სიკვდილით დასჯიდნენ.
14 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ამერიკული ტელეკომპანია Fox TV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქციის მონაწილეთა ჩამოხრჩობის გეგმა არ აქვს.
