HRW: საქართველოს ხელისუფლებამ ან აქციებზე ძალადობის ნებართვა გასცა ან ამართლებს ძალადობას

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 28 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ და სხვა უსაფრთხოების ძალებმა სასტიკი ძალადობა გამოიყენეს ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ფართოდგავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებების დროს, უსაფრთხოების ძალები დასდევდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ პროტესტის მონაწილეებს. პოლიცია ასევე აწამებდა და სხვაგვარად არასათანადოდ ეპყრობოდა მათ პოლიციის ფურგონებსა და განყოფილებებში. პოლიციას ეცვა სპეცტანსაცმელი ან ეკეთა შავი ნიღბები, ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნის გარეშე“, - ვკითხულობთ განაცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ესაუბრნენ პოლიციის ძალადობას გადარჩენილ ათობით ადამიანს, რომლებიც მიუთითებდნენ თავის ტრავმებზე, მათ შორის, ტვინის შერყევაზე, ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებსა და კიდურების მოტეხილობებზე, ასევე ნაკაწრებსა და სისხლჩაქცევებზე მთელ სხეულზე.

„ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელი და აშკარად რეპრესიულია, არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. მომიტინგეების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბები და საქართველოს ხელისუფლების უუნარობა პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, მეტყველებს იმაზე, რომ მან ან ძალადობის ნებართვა გასცა ან ამართლებს მას“, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დაშლას ერთი კვირის განმავლობაში დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ზოგჯერ რეზინის ტყვიების გამოყენებით ცდილობდა. Human Rights Watch-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო სპორადული და იზოლირებული შემთხვევები, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციისკენ წყლის ბოთლები და ფეიერვერკები ისროლეს პოლიციის ძალადობის საპასუხოდ, პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო.

„პოლიციელები დასდევდნენ, ალყაში აქცევდნენ, თავს ესხმოდნენ და სცემდნენ დემონსტრანტების ჯგუფებს, ცალკეულ მომიტინგეებს მიათრევდნენ პოლიციის ხაზებს მიღმა, სადაც სხვა ოფიცრები განაგრძობდნენ მათ ცემას მუშტებით, წიხლებითა და ხელკეტებით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიება ევალება, გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე“ დაიწყო, მაგრამ ბრალი არავისთვის წაუყენებია.

ამასობაში საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მედლებით დააჯილდოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობისთვის. ამ თანამდებობის პირების დაფასება იმ დროს, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცეს ვალდებულებისადმი უპატივცემულობას აჩვენებს“, - ვკითხულობთ Human Rights Watch-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას, თავი შეიკავოს არასათანადო მოპყრობისგან და გამოიძიოს დარღვევები.

Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიაღწიონ არჩევნების შემდგომ ძალადობაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.