„ქართული ოცნებიდან“ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მხრიდან „აშკარა დანაშაულებრივი გადაცდომის“ 3-4 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა კონკრეტული დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა „პრაქტიკული პრობლემების“ გამო ვერ მოხერხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
კობახიძემ ამ კონტექსტში ახსენა პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და ერთ-ერთი ახალგაზრდის მიმართ განხორციელებული ძალადობა. რაც შეეხება ტვ „პირველის“ ჟურნალისტებზე, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმას, კობახიძემ განმარტა, რომ იქ მოძალადეები, სავარაუდოდ, არ იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშთან დაკავშირებით, კობახიძემ წამების ფაქტები უარყო და მათ „მტკნარი სიცრუე“ უწოდა, თუმცა აღიარა, რომ ძალადობრივ ინციდენტებზე გამოთქმული შენიშვნები მხედველობაში მისაღებია.
მისი მტკიცებით, უკვე გაატარეს ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, რის დასტურადაც 4 ოქტომბრის მოვლენები მოიყვანა. კობახიძის თქმით, სწორედ ამ ზომების შედეგია, რომ 4 ოქტომბერს „ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება“. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტის პირობებში, მომავალში გადაცდომები მაქსიმალურად იქნება არიდებული.
ძალოვანების დაუსჯელობის მიზეზად კობახიძემ გამოძიების „მაღალი სტანდარტი“ დაასახელა და პარალელი გაავლო მომიტინგეთა დაკავებებთან. „500-ზე მეტი ადამიანი მომიტინგეების მხრიდან უმძიმესი ფორმით ძალადობდა, აქედან მხოლოდ 30 მოძალადეა დაკავებული, რადგან გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარტებით, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სწორედ მტკიცებულებების ამ სტანდარტს უკავშირდება.
ეუთო-ს (OSCE) „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, დეტალურადაა აღწერილი სამართალდამცავთა ქმედებები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიციამ გამოიყენა „არაპროპორციული და დაუსაბუთებელი ძალა“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ძალადობა არ იყო შემთხვევითი ინციდენტების ერთობლიობა, არამედ ატარებდა „სადამსჯელო ხასიათს“: „სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკავებული პირების მიზანმიმართულ ცემას, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც ისინი უკვე სრულიად დამორჩილებულები იყვნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ“. Human Rights Watch-მა დოკუმენტურად დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც პოლიცია დემონსტრანტებს „სასტიკად უსწორდებოდა ჩიხებსა და სადარბაზოებში“. ორგანიზაციის დასკვნით, „პოლიციამ გამოიყენა წამების მსგავსი მოპყრობა, რათა დაეთრგუნა საპროტესტო მუხტი. დაკავებულთა გადაყვანა ავტომობილებით, სადაც მათზე ფიზიკური ზეწოლა გრძელდებოდა, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“.
სხვადასხვა კლინიკას დახმარებისთვის 300-ზე მეტმა პირმა მიმართა. მათგან უმრავლესობას აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმები, მოტეხილობები და თვალის დაზიანებები. ჰოსპიტალიზებულთა შორის იყვნენ პირები, რომლებსაც დასჭირდათ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები. სახალხო დამცველის ანგარიშებში მოხვდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს ჰქონდათ სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ომბუდსმენის აპარატმა ასობით დაკავებული მოინახულა იზოლატორებში. მათი დასკვნით, დაკავებულთა თითქმის ნახევარს (დაახლოებით 40-50%) აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც მიიღეს ფიზიკური დაზიანებები, თუმცა საავადმყოფოში არ დარჩენილან ან კლინიკებისთვის არ მიუმართავთ.
ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა რამდენიმე ათეული პოლიციელიც, თუმცა მათი დაზიანებების ხასიათი ძირითადად მსუბუქი იყო (ნაკაწრები, დამწვრობა პიროტექნიკისგან).
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, ფიზიკური ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის მსხვერპლი გახდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი.
ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით ინტოქსიკაციის გამო დახმარება ასეულობით ადამიანს დასჭირდა უშუალოდ აქციების ლოკაციებზე, რასაც საველე ჰოსპიტლები და მოხალისე ექიმები უზრუნველყოფდნენ.
