მოლდოვის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ყოფილი პრეზიდენტი, „სოციალისტების პარტიის“ ლიდერი და პრორუსული შეხედულებებით ცნობილი იგორ დოდონი შედის, საქართველოში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 5 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
მოლდოველი დეპუტატები თბილისში მოლდოვა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების სხდომებში იღებენ მონაწილეობას. დოდონის გარდა, დელეგაციაში არიან სოციალისტები: ბოგდან ტირდეა და პეტრუ ბურდუია, ფრაქცია „დემოკრატია სახლში“ თავმჯდომარე ვასილე კოსტიუკი და „ალტერნატიული ბლოკის“ დეპუტატი ოლგა ურსუ.
დღეს, 2 აპრილს, ისინი უკვე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რასაც დოდონმა „ისტორიული მოვლენა“ უწოდა:
„განვიხილეთ თანამშრომლობა და საქართველოს ღირებული გამოცდილება ეროვნული ინტერესების დაცვაში, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში. აღვნიშნეთ, რომ ეს არის მაგალითი თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული განვითარების ხელშეწყობისკენ. შევთანხმდით საპარლამენტო პლატფორმაზე კონტაქტების გაძლიერებასა და თანამშრომლობის განვითარებაზე“, - დაწერა დოდონმა Telegram-ზე.
მისი თქმით, ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით შედგა. აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი:
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფება მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრია მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თანაგუნდელი და პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუ. გამოცემა NewsMaker-ის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩავიდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები თბილისში, გროსუმ განაცხადა, რომ „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ (PAS) მოწვევაზე უარი თქვა:
„საიდუმლო არ არის, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ოლიგარქის მიერ არის მიტაცებული. ჩვენ მოგვივიდა მოწვევა, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მოწვევა იმ ქვეყნისგან, რომლის პარლამენტმა, მისმა ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა ძალიან უპატივცემულო განცხადებები გააკეთეს მოლდოვისა და მისი მოქალაქეების შესახებ“.
იგორ დოდონი, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს 2016-2020 წლებში იკავებდა, რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას უჭერს მხარს და ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, მაია სანდუს ხელისუფლების გადაწყვეტილება მოლდოვის დსთ-დან გამოსვლის შესახებ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი წერს, რომ 2025 წელს იგორ დოდონმა და მისმა ოჯახმა რუსეთში 2.5-ჯერ მეტი გამოიმუშავეს, ვიდრე მოლდოვაში. დეკლარაციის მიხედვით, პოლიტიკოსმა რუსული „სბერბანკიდან“ ლექციებისთვის ჰონორარის სახით 7.59 მილიონი რუბლი მიიღო.
