იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი

„ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025-ზე“ გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექციაა.

„აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია.

ამავე რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა.

„ისინი ეძებენ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობის ახალ მოდელებს და უკვე აცნობიერებენ - ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.

სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი. ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში, აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში. პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. გავუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩების წინაშე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ „მშვიდობის ეს დოქტრინა იქნება“ მათი გზამკვლევი 2026 წელსაც.

პაპუაშვილის თქმით, „უამრავი დიდი ძვრა ჯერ კიდევ წინ გველოდება“.

„ჩვენ გვსურს, დასრულდეს ომი უკრაინაში. ჩვენ გვსურს, გადარჩეს უკრაინის სახელმწიფო. ჩვენ გვსურს დაისადგუროს მტკიცე მშვიდობამ. თუმცა, ჩვენ არ ვიცით როდის, რა ფორმით და რა გეოპოლიტიკური შეთანხმებით დასრულდება ეს ომი. ჩვენ არ ვიცით როგორი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში და ძალთა როგორი ბალანსი დაისადგურებს.

ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით, არის ის, რომ არ გაგვაჩნია არავითარი სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, საქართველოზე მეტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა „საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას“.

„საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნებას ეფუძნება. საქართველო მზად არის ამ პრინციპების საფუძველზე გააღრმავოს ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.