ილიას უნივერსიტეტი „არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების“ გაუქმებას მოითხოვს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მოითხოვენ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გააუქმოს დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წლიდან ილიაუნის ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კოლეგიური ორგანოები ხაზს უსვამენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე.

„უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, წარმართოს კვლევა მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ უნიკალურ ბაზებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები), რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტი ასევე აცხადებს, რომ „ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს“.

„მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.

მოვითხოვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო
  • სამართლის სკოლის საბჭო
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო

დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ე.წ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა.

როგორც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით), სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე მიიღებს. აგრარული მიმართულება დროებით დარჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად, მიღებაც ამ უნივერსიტეტის სახელით გამოცხადდება. თუმცა, დაგეგმილია რეორგანიზაცია და რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადავა.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე, ხოლო ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები „მრავალფუნქციურ დატვირთვას შეინარჩუნებენ“.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაბამის სპეციალობებზე მიიღებენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ უნივერსიტეტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან შეიტყვეს. მიქანაძე ირწმუნება, რომ კვოტების განსაზღვრა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა, თუმცა, რაიმე დოკუმენტი არ გასაჯაროებულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.