ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ, „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში, ილიაუნისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამბობს, რომ უნივერსიტეტი არსებული პროგრამების 90%-ს კარგავს, რაც ფაქტობრივად მის გაუქმებას ნიშნავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ვიცე-რექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება „გამაოგნებელია“ და მას „განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
„ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი საქართველოსთვის გრძელვადიანი ეფექტებით განათლების ხარისხის დაბალ ნიშნულზე დაყვანა იქნება.
ილიაუნთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით 1000-მდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან მხოლოდ პედაგოგიური და ე.წ. ABET-ის აკრედიტაციის მქონე პროგრამები რჩება, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორითაც მას ვიცნობთ და არსებობს, ვეღარ იარსებებს.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე შემოდგომის სემესტრიდან ჩვენ მთელ რიგ პროგრამებზე მიღება აღარ გვექნება, რაც სტუდენტების რაოდენობის შემცირებას ბუნებრივად გამოიწვევს. სტუდენტების რაოდენობის შემცირება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად უნივერსიტეტს პრობლემები შეექმნება, არა მხოლოდ პედაგოგიური პროგრამების შენახვის და განვითარების, არამედ უკვე არსებული პროგრამების სტაბილურობის უზრუნველყოფის. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი აკადემიური პერსონალი შევინარჩუნოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოხდება ბუნებრივია, ფინანსური მდგომარეობის პრობლემების გათვალისწინებით, ეს აისახება აკადემიური პერსონალის რაოდენობაზეც“, - განაცხადა გვალიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აპირებს, საკუთარი პოზიციების დასაცავად ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს.
„ვაპირებთ, მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის ლეგიტიმური. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ნებისმიერ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, მათ შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ, საკუთარი პოზიციისა და სიმართლის დასამტკიცებლად.
ასე რომ, სრული ერთიანობაა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში და ვეცდებით, რომ ეს უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ასეთი ფორმით არ დასრულდეს“, - თქვა გიორგი გვალიამ ჟურნალისტებთან.
მან სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა იმ პროგრამების არასრული სია, რომლებზეც სტუდენტთა მიღება აღარ გამოცხადდება. ჩამონათვალი ასეთია:
ფსიქოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, თავისუფალი მეცნიერებები, ისტორია, ანგლისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, არქეოლოგია, კინომცოდნეობა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო პოლიტიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი, კულტურის კვლევები, ესპანისტიკა, გერმანისტიკა, ბიოლოგია, ფიზიკა, ეკოლოგია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ტყის მეცნიერებები, მედიცინა, არქიტექტურა, რელიგიის კვლევები, შუასაუკუნეების კვლევები, ქართული ფილოლოგია, ლინგვისტიკა, ციფრული ჰუმანიტარია, ადიქციის კვლევები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, საჯარო პოლიტიკა და სამართალი, ლიტერატურათმცოდნეობა, ფილოსოფია, კომუნიკაციის, ენის და მეტყველების თერაპია, გამოყენებითი გენეტიკა, ბიომეცნიერებები, გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები, სურსათის მეცნიერება, ასტრონომია, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებები, მენეჯმენტი, მათემატიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობები.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების განხორციელება ეზღუდებათ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, შენარჩუნდება მხოლოდ ორი მიმართულება: პედაგოგიკა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
