აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალურ თბილისთან ბოლოდროინდელი კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს და საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორია შეიცვლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. მან ივანიშვილის მთავრობას „პროირანული რეჟიმი“ უწოდა, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უჭერს მხარს, და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და აშშ-ის ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
„ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს საქართველოს რესპუბლიკაში?“ - ჰკითხა უილსონმა სახელმწიფო მდივანს.
მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ კონგრესმენი „საქართველოსთან დაკავშირებით მართალია“ და რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები აშშ-ისთვის ახალი ან მოულოდნელი არ არის.
„მართალი ხართ, ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორიის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგინეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია - არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, - განაცხადა რუბიომ.
აღნიშნულ განცხადებებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„2020 და 2024 წლები რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ ეს მიდგომა შეცვლილია. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შევძლებთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა.
ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ზეწოლა ამ პროცესზე უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა.
„ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. სამართლიანობაზე საუბრისას, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ კონგრესში გამართულ მოსმენას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ჩარლზ იოქისა და პიტერ ანდრეოლის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის აღსადგენად აუცილებელია ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატის უზრუნველყოფა, ოპოზიციის ჩართულობის ჩათვლით.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში კრიზისი 2024 წელს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დაიწყო და კულმინაციას 30 ნოემბერს მიაღწია, როდესაც აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურად შეაჩერა. ვაშინგტონმა თბილისის წინააღმდეგ რიგი შეზღუდვები აამოქმედა: შეჩერდა 95 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარება, დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ძალოვანებს, ხოლო გლობალური მაგნიტსკის აქტით დასანქცირდნენ სპეცრაზმის მაღალჩინოსნები ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური. ფინანსური სანქციები დაუწესდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
