ფილმების ორი ყველაზე პოპულარული ქართული ვებგვერდი imovies.cc და adjaranet.com, 23 აგვისტოდან გათიშულია. საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია - ასეთი წარწერები დაგხვდებათ ვებგვერდებზე. ორივე საიტი მოპარულ ფილმებს ავრცელებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც არალეგალურ კონტენტს ავრცელებდნენ, რათა გაეთავისუფლებინათ საკუთარი პლატფორმები ასეთი კონტენტისგან. რამდენიმე საიტი მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც კომისიამ მათ მიმართ შესაბამისი ზომების მისაღებად, ინტერნეტსერვისის მიმწოდებელ კომპანიებს მიმართა.
კომისიის ინფორმაციით, ვებგვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებდნენ, გათიშვამდე, მაქსიმალური, ორწლიანი ვადა მისცეს, რომ თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ.
„საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტსივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა CAVEA.PLUS, რომელიც პირველი ლეგალური ქართული ონლაინკინოთეატრია. „კავეა პლუსი“ ადგილობრივი და მსოფლიოს წამყვანი კინოსტუდიების (Disney, Sony, Warner, Paramount, Universal, HBO) ფილმებსა და სერიალებს აერთიანებს.
„Cavea Plus“-ის ფილმებისა და სერიალების ბიბლიოთეკა სამ ნაკრებად იყოფა: მუქთა ნაკრები, გამოწერის ნაკრები და ყიდვის ნაკრები. „მუქთა ნაკრები“ მოიცავს იმ ფილმებსა და სერიალებს, რომელთა ნახვა უფასოა და მათ ჩასართავად საკმარისია რეგისტრაცია; საცდელი მაუწყებლობის დასრულების შემდეგ, კონტენტის ნაწილი გამოწერისა და ყიდვის პაკეტებში გადაინაცვლებს. „გამოწერის ნაკრებში“ გაერთიანებული ფილმებისა და სერიალების სანახავად აუცილებელია რეგისტრაცია და ყოველთვიური გამოწერა, რომლის საფასურიც 9 ლარია. ერთი აბონემენტით სარგებლობა 5 ადამიანს შეუძლია. ფილმები ამ დროისთვის მხოლოდ ორიგინალ ენაზეა. Imovies.cc და adjaranet.com ფილმების ნაწილს ქართულადაც თარგმნიდნენ. ორივე საიტს, ფილმების თარგმნა-გახმოვანებისთვის, ადმინისტრირებისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.
2019 წელს საქართველომ ინტერნეტმეკობრეობის გამო გაფრთხილება მიიღო. ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენებისათვის და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული.
ამერიკული კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-სა და Instagram-ზე ქართული მეკობრული საიტების (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, srulad.com, movies.ge, geosaitebi.ge, qartulad.com, hoovies.net) გვერდები 2022 წლის ნოემბერში წაიშალა.