ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია და „დაზარალებულადაც“ არის ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
დგებუაძე ბათუმიდან თბილისში 2025 წლის სექტემბერში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს. შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რამდენიმე თვეა, ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსია.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო; ძებნის სამმართველო; ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო; ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.
სხვა საკითხებთან ერთად, სამმართველოს კომპეტენციაში შედის:
- „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა;
- „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება;
- დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანებით ვაჭრობაში;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის/სირთულის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის გამოძიება;
- იმ პირთა ძებნა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა, რომლებიც ემალებიან გამოძიებას;
- უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა და ამოუცნობი გვამების დადგენა;
- ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება;
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მას არერთი მოქალაქე ადანაშაულებდა ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა გამოძიება არცერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა.
პროკურატურას არ გამოუძიებია არც მზია ამაღლობელის მიმართ ძალადობა. კერძოდ, მზია ამაღლობელი ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში, ხელბორკილდადებულს სახეში შეაფურთხა, მისი ბრძანებით არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელთან სამ საათზე მეტხანს არ უშვებდნენ ადვოკატებს. ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს. დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა აცხადებდა, რომ „ლოყა ეტკინა“. მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
