ირაკლი ღარიბაშვილის ახალი განცხადება - „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, შარშან დაწყებული ანტიკორუფციული კამპანიის მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განადგურება იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე

ღარიბაშვილმა ციხიდან პირველი განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და კორუფციის ახალი საქმის აღიარებას სთავაზობენ. მისივე განცხადების თანახმად, ის თავისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას აკისრებს.

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდებით. 2026 წლის 12 იანვარს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია აღიარა, რის შემდეგაც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა შეეფარდა. ოფიციალური ვერსიით, თანამდებობაზე ყოფნისას იგი ფარულად ეწეოდა ბიზნესს და შემოსავლებს იმალავდა, ხოლო ჩხრეკისას ამოღებული 6.5 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.