თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა, რომელიც 16 დეკემბერს იყო ჩანიშნული გადაიდო. ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
„გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს. ვნახოთ, რა მტკიცებულებებს მოიპოვებს და წარმოადგენს“, – უთხრა გიგუაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს მილიონების გათეთრებას ედავება. უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, 6 500 000 აშშ დოლარი, მის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.
საქმის მასალების მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ირაკლი ღარიბაშვილი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ამ გზით, ლეგალურ ბრუნვაში მოექცა „კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებული“ თანხიდან 830 000 ლარი.
გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელშიც ჯამში 3 670 172 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ღარიბაშვილი არ დაუკავებიათ. 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
