ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდა | რას ამბობენ შეხვედრის მონაწილეები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის ათობით წარმომადგენელს შეხვდა. დაახლოებით ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ბიზნესმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათი ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„განვიხილეთ მთელი განვლილი გზა, 12 წლის განმავლობაში, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი მასე ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება. არა. [პრემიერმა] ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი - რა იყო, როგორ იყო, 12 წლის განმავლობაში როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ რევოლუციის მოწყობა იყო, რამდენჯერ რაღაც გაუგებრობა იყო. ესე იგი, ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს“, - განაცხადა „ვრ ჰოლდინგის“ დამფუძნებელიმა ნოშიკო ნამორაძემ.

ნოშიკო ნამორაძე

გიორგი მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ ქვეყანაში კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს.

„ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას. მათ შეუძლიათ გამოვიდნენ ძლიერის პოზიციიდან, გაათავისუფლეონ დაკავებულები და ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები.

იყო არერთი ბიზნესმენი, ვინც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე, არაპროპორციულ ძალაზე, იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს. გამოითქვა ინიციატივა, გაგრძელდეს ეს შეხვედრები განსაკუთრებით იმ ჯგუფთან, ვინც არსებული მოვლენების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი“, - უთხრა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მფლობელის და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველის, ზურაბ ჩხაიძის შეფასებით, ქვეყნის განვითარების არსებული ტემპი ძალიან კარგია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ახლა ცოტა დაძაბული ვითარებაა, გაისმა აზრები, როგორც კრიტიკული აზრი, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. ...

მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება იმ ტემპით, როგორიც არის ახლა. ვფირობ, რომ ეს ტემპი, რაც არის, ეს მონაცემები ყოველთვიური და კვარტალური, არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ტელეკომპანია „პირველის“ შეკითხვას, იყო თუ არა საუბარი ახალ არჩევნებზე, ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა: „კი, ოთხი წლის შემდეგ იქნება“.

„იტონგ კავკასუსის“ დირექტორის, დიმიტრი ადამიას თქმით, არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, რადგან 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. როგორც მან აღნიშნა, „ძალიან მალე დაწყნარდება“ ურთიერთობები ქვეყნის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

„პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი, სულ მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების აშშ-თან იანვარში და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა „ასე არ უნდა გაგრძელდეს“ და ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ.

ირაკლი რუხაძე, ლაშა პაპაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი

„უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს - იქნება ტურიზმი, თუ სარესტორნო ბიზნესი, ძალიან ვარდნაა.

ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. იმ ოთახში ისხდნენ ამ მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდგეებიც. ყველაზე მთავარი რაზეც შეთანხმდნენ, არის ის, რომ ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა, ალბათ, ღია ეთერში. უკვე დაფიქსირდა გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ-მინისტრს და იმათ შეხვდება საჯაროდ.

უდიდესი რისკების წინაშე ვართ ქვეყანა. უნდა ვეძებოთ ერთობა. უკვე ოჯახებშია დაპირისპირება, ქუჩაშია დაპირისპირება, საზოგადოებაშია დაპირისპირება“, - განაცხადა პაპაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური დირექტორი თეა ზაქარაძეც. მისი თქმით, „აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს“. ზაქაიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაზეც.

„[ირაკლი კობახიძის მხერიდან იყო პასუხი], რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფოდ გადაიდგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს ქვეყანაში და ნორმალურ ახალ წელს შევხვდეთ. ახალ წლამდე გათავისუფლდებიან პატიმრებიო, ასე თქვა პრემიერმა“, - განაცხადა თეა ზაქაიძემ ჟურნალიტებთან.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ქვეყანაში უწყვეტი აქციები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. პოლიციამ და სპეცრაზმა დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობას დაკავების დროს სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

პროტესტი 26-ე დღეა გრძელდება და მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ამ მოთხოვნას 2200-ზე მეტი კომპანია უერთდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.