„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, „კონკრეტულ დაკვეთას“ ასრულებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
გუშინ, 9 ივლისს, ევროპარლამენტმა 490 ხმით მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ბრალდება „შეთითხნილია“. რეზოლუციის მხარდამჭერი ევროპარლამენტარები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
„ეს შემთხვევა მათთვის [ევროპარლამენტარებისთვის] არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ – იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, ხომ?
მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან, რა თქმა უნდა, განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. რა თქმა უნდა, ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და ის „დაკვეთის შესრულებაში“ დაადანაშაულა. მსგავსი განცხადება 16 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერშიც გააკეთა. „მსხვერპლი არ არის... კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“, - განცხადა კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საქმეზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს, ვინაიდან, მათი თქმით, კობახიძის განცხადება აჩვენებს, რომ ის „მნიშვნელოვან ინფორმაციას“ უნდა ფლობდეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამაღლობელმა ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვისაც უჩივლა და „რუსთავი 2“-ის გადაცემაში გაკეთებული განცხადების უარყოფა მოითხოვა. პარალელურად, ჟურნალისტებმა „რუსთავი 2“-ს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერის მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის დათმობის მოთხოვნით მიმართეს. ტლეკომპანიასთან აქციაც გაიმართა, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს. პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
