მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ის ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ცილისწამებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქმე ეხება TV პირველის ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ 2021 წლის 10 ივლისს გასულ რეპორტაჟს - „ყალბი დიპლომები სარდაფიდან“ - პროფესორი ხელს ირაკლი კობახიძის დედისკენ იშვერს. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი ჰყვება, რომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთ სარდაფში ყალბ დიპლომებს აბეჭდინებდა, რომლებსაც შემდეგ სტუდენტებზე გასცემდა. უნივერსიტეტის დეკანის ყოფილი მოადგილე მარინე მიქაუტაძე ამბობს, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც რექტორი ამხილა. მიქაუტაძე „გაყალბებული დიპლომების“ საქმის გამოძიებას წლებია ითხოვს, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ყველა უწყების დუმილის მიზეზი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა.
„კობახიძის დედა განათლების სამინისტროს ხარისხის კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც ცენტრმა დაადგინა, რომ თეატრის მიერ გაცემული დიპლომების ნაწილი ნამდვილი არ იყო, გზაში ამ დასკვნას სწორედ კობახიძის დედის, თამარ ზაალშივილის ცნობა დაეწია, სადაც ის წერს, რომ დიპლომები, რომლებიც მანამდე გაყალბებულად გამოაცხადეს, ნამდვილია“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი.
თამარ ზაალიშვილი თავის სარჩელში აღნიშნავს, რომ სიუჟეტში მარინე მიქაუტაძის მიერ გაკეთდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისმწამებლური განცხადება: „ქალბატონ თამარ ზაალიშვილს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტაციის სიყალბეზე. თუ არა კორუფციული დაინტერესება, ქალბატონი თამარ ზაალიშვილი ასეთ ყალბ დოკუმენტაციას ხელს არ მოაწერდა“.
თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილედ 2015-2017 წლებში მუშაობდა.
ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძის დედა ამბობს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზანი მისი შვილის „პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა“ იყო. TV „იმედის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დედა, კომპენსაციის სახით, ტელეკომპანიისგან 5555 ლარს ითხოვს, ჟურნალისტისა და გადაცემის პროდიუსერისგან კი ხუთ-ხუთ ლარს.
TV პირველის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თამარ ზაალიშვილის სარჩელის მიზანი, შესაძლოა, ჟურნალისტებისა და რესპონდენტების დაშინება იყოს.
ბოლო თვეებში „ქართული ოცნების“ წევრებმა და საჯარო მოხელეებმა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოს არაერთი სარჩელით მიმართეს.
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ტვ პირველის“ წამყვანს ცილისმწამებლური განცხადების გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვს. იგივე მიზეზით უჩივის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“. შესაძლო ცილისმწამებლური განცხადების გამო „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული 11 მუნიციპალიტეტის მერს. თითოეული მათგანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის იდენტურ თანხას - 55 555 ათას ლარს ითხოვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კოორდინირებული სარჩელების წარდგენა არ ემსახურება დაზარალებული პირების უფლებების დაცვას, არამედ მიმართულია მედიაზე ზეწოლის მოსახდენად.