თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომის დარბაზშივე დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
„გირაოს არ გადავიხდი. ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი - არ ვაპირებ ვიღაცის ხუშტურების გამო, საკუთარ შვილებს თანხა მოვაკლო“,- თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მას გირაო შეფარდებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის. გირაო 30 დღეში უნდა გადაეხადა. ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მისი დაპატიმრების მოთხოვნით.
ოქრუაშვილი ე.წ. დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს იყო დაბარებული და არ მივიდა. „კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პროკურატურას მიმართა. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამავე ბრალდებით გირაო აქვთ შეფარდებული ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერებს, ნიკა მელიას (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი) და ზურაბ ჯაფარიძეს (20 000 ლარი); კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000 - 50 000 ლარი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს (10 000 ლარი); „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი).
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
