მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუჰარამის თვესთან დაკავშირებით, ადგილობრივ მეჩეთებში მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონიები და რელიგიური რიტუალები გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
ცენტრალურ, „იმამ ალის“ მეჩეთში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი შიიტური მეჩეთია საქართველოში, მორწმუნეებმა სამგლოვიარო საგალობლები (მერსიეები) და ტრადიციული რიტუალები შეასრულეს, მათ შორის, სინა-ზანი, რაც მკერდზე რიტმულ ხელის ცემას გულისხმობს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რიტუალი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინ სრულდება, მრევლს შორის კი ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები არიან.
„მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა“, - წერია პლაკატზე.
პარალელურად, ხალხმრავალი ცერემონია გაიმართა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, „იმამ ჰასანის“ მეჩეთში, რომელსაც ასობით ქალი და მამაკაცი ესწრებოდა. ყიზილაჯლოში გამართულ სამგლოვიარო შეკრებას საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიდ ალი მოჯანიც ესწრებოდა.
მარნეულში გადაღებულ კადრებს გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „დროა“, რომელიც აცხადებს, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა საგანგაშო ზღვარს აღწევს. პარტია აღნიშნავს, რომ
მარნეულსა და გარდაბანში მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაცია და რადიკალიზაცია, რასაც შეგნებულად უწყობს ხელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ კავშირები ირანთან არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ თეირანში სტუმრობისას ირაკლი კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტებთან ერთად ზის დარბაზში, სადაც ისმის შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!“.
„მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით სჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის“, - ოპოზიციურ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ირანის მზარდი გავლენა შეუთავსებელია აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან.
„იმამ ალის“ მეჩეთში მსგავსი შინაარსის ღონისძიებები და პროირანული ქადაგებები ბოლო პერიოდში არაერთხელ გაიმართა. თებერვალში ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა ერთ-ერთი ქადაგებისას აშშ-ს „რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი“ უწოდა, ისლამური რეჟიმის ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სოლიდარობა გამოუცხადა და მორწმუნეებს მოუწოდა, მას ფიზიკურად დადგომოდნენ გვერდში. აშშ-ის/ისრაელის იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ, მეჩეთში სამგლოვიარო რიტუალი შესრულდა, რა დროსაც ხამენეის „წამებულად“ და „მოწამედ“ იხსენიებდნენ.
ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, მეჩეთები საქართველოში ირანის მზარდი გავლენის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენენ, რომლებიც რელიგიურთან ერთად, პოლიტიკური ინდოქტრინაციის ცენტრებად არის ქცეული. ანგარიშს მაგალითად მოჰყავს მარნეულის „იმამ ალის“ მეჩეთი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი შიიტური მეჩეთია საქართველოში.
„ქართული ოცნების“ ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ქვეყანაში ირანის გავლენები მზარდია. მეტიც, საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება „უცხო ქვეყნისთვის ან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარა „ჰადსონის ინსტიტუტისა“ და „სამოქალაქო იდეის“ კვლევების ავტორები, რომლებიც სწორედ აღნიშნულ გავლენებზე მიუთითებდნენ.
