საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი, თბილისის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ელჩმა კითხვითვე მიმართა ჟურნალისტს: „თქვენ რაიმენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმების დროს?“
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
აშშ-ის სამხედრო ხომალდის თბილისში გამოჩენასთან დაკავშირებით მოჯანიმ აღნიშნა:
„ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამერიკის მოქმედებს რეგიონის მასშტაბით და ჩვენი რაკეტების რადიუსის მიხედვით. თუკი რეგიონიდან იქნება რაღაც ოპერატიული ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენც გვექნება ამაზე რეაქცია“.
„შეგიძლიათ მითხრათ, რომელი სიტყვაა მუქარის შემცველი?“ - ჰკითხა ელჩმა „ფორმულას“ ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თავის პოსტთან დაკავშირებით, სადაც წერდა: „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან, ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“.
„ფასის გადახდა“ და „შიდა დესტაბილიზაცია“ - უპასუხა ჟურნალისტმა.
„როდესაც მტერი თავს ესხმის თქვენს ქვეყანას, და ამ დროს სხვა ქვეყანა თანამშრომლობს ამ მტერთან, უთმობს თავის ტერიტორიულ სივრცეს, ტერიტორიულ წყლებს, ხმელეთს, რომ ამ მტერმა თქვენზე განახორციელოს თავდასხმა, როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ქვეყნის მიმართ? როდესაც მტერი გამოიყენებს სამხედრო ბაზებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს, სადაზვერვო ცენტრებს, - ოღონდ რომლებიც მდებარეობს მესამე ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? მიესალმებით?“, - იკითხა ელჩმა.
„ფორმულას“ კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მესამე ქვეყანაში საქართველოს, ელჩმა უპასუხა: „ქვეყანასთან, რომელიც არ დაეხმარება ამერიკასა და ისრაელს ირანის თავდასხმებში, ირანზე აგრესიას არ შეუწყობს ხელს, არ დაუთმობს ბაზებს, თავის ტერიტორიას, თავის შესაძლებლობებს, ჩვენ ყოველთვის გვექნება, წარსულის მსგავსად, ნორმალური ურთიერთობები“. თუმცა, დაზუსტებაზე, არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, რომელიც ამერიკას ეხმარება, მოჯანიმ აღნიშნა: „მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ამაზე უნდა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე პასუხი მე არა მაქვს“.
ირანის ელჩმა სადავო პოსტი 31 მარტს გამოაქვეყნა. ამას წინ უძღოდა 30 მარტს გამართული სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნებიდან“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის, სადაც მხარეებმა „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“ ისაუბრეს. 1-ელ აპრილს კი თბილისის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, მსგავსი გადაადგილებები რეგულარულად, პარტნიორებთან კოორდინაციით ხორციელდება.
ირანის ელჩის განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო არ არის მოედანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევად.
„გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება - საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ირანის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიმართა, სადაც აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს. თავად ელჩმა მოჯანიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრას „კონსტრუქციული“ უწოდა. პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი რეგიონულ კრიზისებს შორის ქვეყნის მშვიდობიანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.
