ISFED: ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით არ დავაკვირდებით

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაცია გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი მოსაზრებით,

ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება“, - თქვა ნატროშვილმა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება წარმოადგინა. ISFED-ის განცხადებით, ქვეყანა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს პოლიტიკური კრიზისის, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის ფონზე ხვდება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, არაერთი საარჩევნო სტანდარტის დარღვევის გამო, ფართო ნდობას მოკსლებული აღმოჩნდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპოზიციის ბოიკოტსა და პარლამენტის ფაქტობრივ ერთპარტიულობას. ამ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, გააძლიერა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო.

პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარეობს პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებითა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვით. ამ ყოველივემ მნიშვნელოვნად დააზიანა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად აუცილებელი ძირითადი უფლებების პატივისცემის პირობა.

ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და გრანტების გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლების ჩახშობის მძლავრ ბერკეტებად იქცა. ამ კონტექსტში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და ლეგიტიმური პროცესის ნაცვლად, სერიოზული პოლიტიკური კრიზისისა და შედეგების არაღიარების რისკის ქვეშ წარიმართება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიღებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საარჩევნო სისტემის განზომილებები, გამკაცრდა პარტიების აკრძალვის მექანიზმი და შეიზღუდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა.

„აღნიშნული ცვლილებები ამცირებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კიდევ უფრო აზიანებს არჩევნების ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივ ნდობას“, - აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

ISFED-ი ყურადღებას უთმობს „ქართული ოცნების“ მიერ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანას.

„არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველა ცვლილების მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო, რითაც ძირეულად დაირღვა ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განხორციელებისათვის.

 „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად, გაუქმდა 40%-იანი ბარიერი საკრებულოს არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტში; მკვეთრად გაიზარდა მაჟორიტარული ადგილების წილი მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში; შემცირდა მრავალმანდატიანი ოლქის ზომა; პროპორციულ კომპონენტში, ასევე, გაიზარდა სამართლებრივი საარჩევნო ბარიერი და მოდიფიცირდა საარჩევნო ფორმულა უკეთესი შედეგის მქონე პარტიის სასარგებლოდ.

საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, არჩევნების წელს ახალი ერთმანდატიანი ოლქების შექმნამ დამატებით გამოიწვია ხმების თანაბარწონადობის პრინციპის დარღვევაც.

ამ უფლების განხორციელება კი ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობისაა კენჭისყრის თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპის რეალიზებისთვის“, - აღნიშნავს „სამართლიანი არჩევნები“.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების დაბალანსებულად დაკომპლექტების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და კიდევ უფრო გაძლიერდა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კომისიების ფაქტობრივი კონტროლი.

გარდა ამისა, ISFED-ის განცხადებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართ ნდობის ნაკლებობის საპასუხოდ საკმარისი ნაბიჯები არ გადადგმულა.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებს, ISFED-ი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შედეგადაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სამი ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო მეოთხის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ანტიდემოკრატიული რიტორიკა და ამ მიზნით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავების რისკს ქმნის.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესების შედეგად, ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მკვეთრად გაიზარდა უთანასწორობის დონე პარტიების შესაძლებლობებს შორის. საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების 80% „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდა. უთანასწორობის დონეს აღრმავებს ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შემოწირულებების 84% მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა“, - აღნიშნავს „სამართლიანი არჩევნები“.

ანგარიშში ყურადღება აქვს დათმობილი მედიაგარემოს შეფასებასაც. ISFED-ი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში გაუარესებულია მედიაპლურალიზმის კუთხით არსებული მდგომარეობა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები ფინანსური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ არიან.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მკვეთრად არის შეზღუდული არჩევნებზე ობიექტური, უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივი დაკვირვების შესაძლებლობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რითაც უკანასკნელი ორი ათწლეულის პრაქტიკა დაარღვია.

„პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეზღუდა დამკვირვებელთა უფლებები, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა გააძლიერა.

სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამოქმედებულმა მასტიგმატიზებელმა კანონებმა და უცხოური გრანტების შეზღუდვამ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, დაკვირვების მექანიზმი, რომელიც არჩევნების გამჭვირვალობის გარანტი უნდა ყოფილიყო, თავად იქცა ხელისუფლების კონტროლისა და ზეწოლის სამიზნედ, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დემოკრატიული არჩევნების განსახორციელებლად საჭირო პროცედურული გარანტიები“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 8 პარტიამ, ოფიციალური განცხადებით უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარ ამომრჩევლებს კენჭისყრის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ბოიკოტს არ შეუერთდნენ პარტიები - „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.