იუსტიციის სამინისტრო: ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის პორტზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ჯაფარიძე-ხაზარაძის პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ სამინისტროს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს, 31 ივლისს, გავრცელბული ინფორმაციით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

„ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა მათ მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, შემდეგი:

- „პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.

- პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.

- მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

- მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.

- „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია“.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

„ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ პარლამენტში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას მათ მიერ დაფუძნებული პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ გამოეხმაურა.

„ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით. ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 ში პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“,- აღნიშნავენ პარტია „ლელო - ძლიერ საქართველოში“.

ბობ მეიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტს უწოდებს. ინვესტორის განცხადებით, ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი - იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება.

„მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” (ADC) და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების - ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში”, – წერია მეიერის განცხადებაში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. სტრატეგიულ პროექტად შეფასებული პორტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღეს მონაწილეობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ TBC Holding (საქართველო) და Conti Internmational (აშშ).

2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ TBC Holding-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვისთვის წარუდგინა. საქმე ეხებოდა 2007 წელს „თიბისი ბანკში“ განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა. 2020 წელს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა 2020 საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაც, მომჩივანი მხარის დაანგარიშებით 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებდა, რომ ეს თანხა მოიცავდა კონსორციუმისა და ბობ მეიერის დანაკარგს, რაც იყო პირდაპირი შედეგი „საქართველოს მთავრობის კამპანიისა, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“. კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) წარადგინა, ხოლო ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.