„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ წარმოება დაიწყო ხუთი ორგანიზაციის - „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარის“, „მომავლის აკადემიის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ წინააღმდეგ და მათგან 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ინფორმაციას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ.
ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია - ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი - პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, - თქვა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ 1-ელ აპრილს მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“. ე.წ. „ფარა“, რომელიც ეხება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სასჯელის სახით, ჯარიმასთან ერთად, 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ე.წ. კანონი ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა აღასრულოს.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციას და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა“, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ე.წ. ფარა) საკონსტიტიციო სასამართლოში გაასაჩივრეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის გაუქმებას, ასევე, დავის დასრულებამდე შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
