თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, ახალი ბრალდება წარედგინა. პროკურატურა მას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. საქმის აღძვრის საფუძველი 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული ფრაზა გახდა: „ივანიშვილი არის დასამხობი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ „ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ“.
ახალაიას ახალი ბრალი დღეს, 27 მარტს, სასამართლო პროცესიდან ორი თვის შემდეგ, ადვოკატის დასწრების გარეშე წარუდგინეს. მისი მეუღლისა და ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის განმარტებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები დაუკავშირდნენ და პროცესზე დასასწრებად ორდერის ამობეჭდვა სთხოვეს. თუმცა, როდესაც ნადარეიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა, მას უთხრეს, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით, დაწესებული ჰქონდა შეზღუდვა. ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევაა.
ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 16 თებერვლის სხდომა, სადაც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა. მაშინ ახალაიამ თქვა:
„მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“.
განცხადების ჩანაწერი ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სხდომას მხოლოდ მოსამართლე, პროკურორები და ადვოკატები ესწრებოდნენ, ახალაიას სიტყვები საჯარო მოწოდებად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, ნადარეიშვილი სვამს კითხვას: „ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანამდებობას არ იკავებს. 317-ე მუხლი არის სახელმწიფოს, კონსტიტუციის დამხობა და რომელია აქედან ბიძინა?“.
ბაჩო ახალაია ამჟამად პატიმრობაში იმყოფება ე.წ. „4 ოქტომბრის საქმეზე“, სადაც მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეში მას მშვიდობიანი დამხობის აქციის ორგანიზებასა და ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მინისტრი პირველად 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მან საპატიმროში 9.5 წელი გაატარა და ციხე 2022 წლის 1-ელ მარტს დატოვა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ისეთ რეზონანსულ საქმეებში, როგორიცაა 2006 წლის ციხის ბუნტი, ნავთლუღის სპეცოპერაცია და სერგო თეთრაძის წამება.
