ივანიშვილი მთავაზობდა 5000 ბიტკოინის გადახდას ჩემი თავისუფლებისთვის - ბაჩიაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის შემოდგომაზე წარმომადგენლის მეშვეობით წერილი გაუგზავნა და მისთვის 5000 ბიტკოინის (დაახლოებით 511 000 000 აშშ დოლარი) გამოძალვა სცადა. ამის შესახებ ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის  დასრულების შემდეგ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, როგორც კი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაჩქარებულად დაიწყო.

„ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთვრდებოდა დაახლოებით ერთი წლის ვადაში ჩემი პასუხისგებაში მიცემით. შესაბამისად, მთავაზობდნენ, რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის, ასე გამოდის, და თუ ამას არ გადავიხდიდი მაშინ, ყოველთვიურად ეს თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით. ამას ჰქვია „კრიმინალური შოჩიკი“, სხვა არაფერი. ამ წერილს დღეს გავასაჯაროებ“, - განაცხცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა მის მიერვე დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს პროკურატურაში 2023 წელს უჩივლა და მას კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 39 მილიონი აშშ დოლარის მითვისებას ედავება.

„იმიტომ დაიწყო გამოძიება ჩემს წინააღმდეგ, რომ უარი განვაცხადე წავყოლოდი იმ სიგიჟესა და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს სჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვაც“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესს და პროკურატურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„როცა მოსამართლეები და პროკურორები, როგორც თანამშრომლები დარბოდნენ მასთან... მე ვხედავდი ამას, როგორ დადიოდნენ და ქვეშ ეგებოდნენ, რა ნდობა უნდა მქონდეს ამ სასამართლოს მიმართ?  

მე არ ვაღიარებ ამ სასამართლო პროცესის და სისხლისსამართლებრივი დევნის ლეგიტიმუტრობას. ეს არის პირდაპირ ფაბრიკაცია და გამოძალვა“, - უთხრა ბაჩიაშვილმა „მთავარ არხს“.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილმა დააკონკრეტა, რომ ივანიშვილთან ხშირად დადიოდნენ გავლენიანი მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

„არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ მეგულება, ვის სახლშიც მოსამართლეები ყოველთვის იმ დროს იკრიბებიან, როცა სასამართლო რეფორმა ხორციელდება, იმ დროს, როცა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები მიმდინარეობს, როგორიც იყო თუნდაც „რუსთავი 2“-ის საქმე.

პარალელურად, მე მთავაზობდა ივანიშვილი, „რუსთავი 2“ გამეფორმებინა, რაზეც უარი ვუთხარი. შესაბამისად, გამოდის, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე „რუსთავი 2“-ის საქმე დასრულდებოდა, მე მქონდა ივანიშვილისგან ინფორმაცია [განაჩენის შესახებ], რადგან ის უკვე ეძებდა ვისზე გაეფორმებინა ეს ტელევიზია. [...] შოთაძე სულ იქ იყო ხოლმე, ჩინჩალაძე, მურუსიძის სახეც მახსოვს. სულ დადიოდნენ.

ივანიშვილთან კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ დავდიოდი და აქედან, დაახლოებით, ნახევარი დრო ჩემამდე იყვნენ ან პროკურორები, ან მოსამართლეები“, - თქვა ბაჩიაშვილმა „პირველთან“ საუბარში.

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება.

გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა. მრავალი წლის განმავლობაში ის ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. საქმე ეხება 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. 2023 წლის 6 ივლისს სასამართლომ ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

განახლება: ბაჩიაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, მისივე თქმით, ივანიშვილმა გაუგზავნა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ.

დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;

გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.