„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გიორგი ბახუაშვილი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
გიორგი ბახუაშვილი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჯერ შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, მალევე დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა, 10 ივნისს კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პორტფელი ჩაიბარა. ახლა, ივლისში, ის უკვე უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის თანამდებობაზე აგრძელებს საქმიანობას.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ბახუაშვილმა 2013 წელს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფაკულტეტი დაამთავრა და მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია მიიღო. 2024 წელს კი მას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
39 წლის პოლიციის პოლკოვნიკი 2007-დან 2017 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფში, მათ შორის დაცვის პოლიციასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გააგრძელა. მართალია, შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობებში მის წარსულზე, როგორც ივანიშვილის პირადი მცველის შესახებ, საუბარი არ არის, თუმცა ბახუაშვილი ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა ივანიშვილის გვერდით. ის ივანიშვილს ახლდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრასა და მიმდინარე წლის მარტში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზეც.

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრები კარიერას ხშირად აგრძელებენ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვახტანგ გომელაურია, რომელმაც პირადი მცველის პოზიციიდან სუს-ის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტამდე მიაღწია, ასევე ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს და წარსულში თავადაც ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.
