ივანიშვილმა Credit Suisse-ს ბერმუდის გადაწყვეტილებაზე დავა დიდ ბრიტანეთშიც მოუგო

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse („კრედიტ სვისი“) წინააღმდეგ დავა დიდ ბრიტანეთში მოიგო. ლონდონის Privy Council-მა, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, მათ შორის ბერმუდის საბოლოო სააპელაციო სასამართლოა, გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააპელაციო საჩივარი ეხებოდა ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან დაკავშირებულ დავას. ლესკოდრონი 2018 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობასა და ყოფილი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერების გაყალბებაში და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ბერმუდის კუნძულებზე დაფუძნებულ Credit Suisse Life-ს უჩივლეს.

2022 წელს სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს ორი სიცოცხლის დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული დაახლოებით 750 მილიონი დოლარის პრემიის კომპენსაციისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება 2023 წელს ძალაში დატოვა ბერმუდის სააპელაციო სასამართლომაც.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, „კრედიტ სუისმა“ გადაწყვეტილება ლონდონში გაასაჩივრა და ამტკიცებდა, რომ ბერმუდის სასამართლოებმა ივანიშვილთან დადებული კონტრაქტი არასწორად გაიგეს.

ლონდონში „კრედიტ სუისის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანის ოდენობა ხელახლა უნდა იქნეს გამოთვლილი.

ასევე უარყოფილ იქნა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული ორი კომპანიის ცალკე სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ისინი თაღლითური გზით შეცდომაში შეყვანისთვის კომპენსაციას ითხოვდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.