ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძესა და გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესა და „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელ, ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანის პროცესი დახურული იყო; არ დაუშვეს ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები, ადვოკატებს კი გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ბრალდებულები  30 მაისს დააკავა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული პირები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. პროკურორის თქმით, დასტურდება ინფორმაციის სანაცვლოდ თანხის აღების ფაქტებიც. სახელმწიფო ინტერესების დაცვის საბაბით, პროკურატურა არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობდნენ ბრალდებულები.

გულბაათ რცხილაძე

გულბაათ რცხილაძეს გამოძიება ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან ერთდროულად თანამშრომლობასა და პარალელური სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებას ედავება. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც რცხილაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, პასპორტის ჩამორთმევასა და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას გულისხმობდა.

ადვოკატ ლაშა გოლუბიანის განცხადებით, გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს, მას საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ ჰქონია და, შესაბამისად, ქვეყნის ინტერესები არ დაუზიანებია: „არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა. ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი. ადამიანს რომ ჯაშუშობა დააბრალო ან დაუმტკიცო, უნდა იყოს ორი ფაქტი: სხვა უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებდეს, აგროვებდეს მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას და ქვეყანა ზიანდებოდეს. ქვეყნის ინტერესები დააზიანა ბატონმა გულბაათმა? დაგვიდონ მაშინ ფაქტი, რომ რამით დააზიანა ბატონმა გულბაათმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.

დაცვის მხარის ვარაუდით, გულბაათ რცხილაძის დაკავების რეალური მიზეზი შესაძლოა მის მიერ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნა და მისი საჯარო აქტივობები იყოს: „ბატონი გულბაათი მოტივირებული იყო, რომ ორ ქვეყანას [საქართველოსა და რუსეთს] შორის დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილიყო, ურთიერთობების ნორმალიზება მომხდარიყო, ქართველები პაპუასებივით არ წარმოვჩენილიყავით საერთაშორისო არენაზე. იმიტომ რომ რუსია, იმიტომ ვდევნოთ და ჩავქოლოთ, ეს ფაქტები უნდა გამოევლინა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ირაკლი ჩიხლაძეს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

სუს-ის ბრალდების მიხედვით, ირაკლი ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა სადაზვერვო ქსელს, უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას პირადი კონტაქტების მეშვეობით და სადაზვერვო ქსელის წევრებზე ანაწილებდა სპეცსამსახურებისგან მიღებულ თანხებს.

ჩიხლაძეს პატიმრობა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ შეუფარდა, თუმცა დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ირაკლი ჩიხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს და პროკურატურისგან მოითხოვს, საქმეს მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“, რათა მტკიცებულებებსა და ბრალდებებზე საჯაროდ საუბარი შეძლოს: „ბრალად შერაცხეს ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია და არც იმის საშუალება არ აქვს, რომ თავი დაიცვას ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის წინაშე. მას არ აქვს უფლება, საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულება გაასაჯაროოს, რას ედავებიან. მისთვის ამოუხსნელია, რატომ დააკავეს და რატომ წაუყენეს ეს ბრალი. ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა“.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებებს ბრიფინგზე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

კითხვაზე, ბრალდებულები წარმოადგენდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „პოლონეთი არაფერ შუაში არაა“.

„სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა. აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. „სპეცსამსახურის რეზიდენტს“ წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ, სუს-ის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ უპრეცედენტო ოპერაციების ჩატარება და რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.