ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, პროკურატურას ამ შუამდგომლობით უახლოეს პერიოდში მიმართავენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს კანონმდებლობით, საპროცესო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია ბრალდებულმა აღიაროს ბრალი, რის შემდეგაც მხარეები სასჯელის პირობებზე თანხმდებიან.

„ჩვენ მზად ვართ ზიანი ავანაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი? პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას, დეტალებს გავივლით“, - განაცხადა ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ.

„ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება შეუძლებელია და არ ვიცით საქმე როგორ დასრულდება, აქ არის რისკების შეფასება. ბრალის მიხედვით მინიმალური სასჯელი 9 წელია. ამიტომ, შესაძლოა ეს მისთვის ოპტიმალური შესაძლებლობა იყოს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის უდანაშაულოა, თუმცა საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მექანიზმი საქმის დასრულების. გააჩნია პირობებს“,- თქვა ბურჭულაძის მეორე ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.

„საქართველოს პროკურატურის პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა, ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს. მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს. როდესაც მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და იქნება მზაობა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მხოლოდ აღიარება და მომართვა არ ცვლის ყველაფერს, შეთანხმება უნდა მოხდეს მხარეებს შორის, თუმცა შესაძლებელია ბრალდებული აღიარებდეს დანაშაულს და ზიანიც ჰქონდეს ანაზღაურებული, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ვერ გაფორმდეს შეთანხმება“,- განაცხადა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. მასთან ერთად პატიმრობაში იმყოფებიან მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლისძმა ვასილ მხეიძე. რაც შეეხება შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გამოძიების თანახმად, 2023 წელს, ბურჭულაძის მითითებითა და მისი გარემოცვის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) შეძენისას ხელოვნურად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო. შედეგად, 2 606 272 ლარის ღირებულების აპარატი სამინისტრომ 3 940 000 ლარად შეიძინა, რამაც უწყებას 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენა.

ყოფილ მინისტრს 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასაც ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა ესპანეთში, მალაგაში, 544 000 ევროდ შეიძინა სახლი და მიწის ნაკვეთი. თანხის წარმომავლობის დასამალად მათ წყნეთში მდებარე ქონებაზე ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, რეალურად კი ქონება არ გაუსხვისებიათ. ბურჭულაძემ 2025 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ესპანეთში შეძენილი ქონება საერთოდ არ მიუთითა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.