თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ქვეყნიდან გასაგდებია“ და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, გააძევებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
დღეს კალაძეს ჟურნალისტებმა წაუკითხეს ამონარიდი დიპლომატის ინტერვიუდან, სადაც პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება იქნება „კარგი ნაბიჯი, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს“.
„აპირებთ თუ არა, რომ გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები?“, - ჰკითხეს კალაძეს, რაზეც მისი პასუხი იყო:
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ და რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება. ქვეყნიდან გასაგდებია, მე თუ მკითხავთ, თუ ევროკავშირის ელჩი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები. და ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩთან პიროვნულად მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას. რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს. [...] რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით. რუსეთი ცალკე პრობლემაა“, - თქვა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენმდივანს ასევე ჰკითეს, აპირებენ თუ არა ევროკავშირის ელჩის გაძევების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. კახა კალაძემ თქვა, რომ მან ამ თავისი დამოკიდებულება და ხედვა დააფიქსირა. „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი“, - დასძინა კალაძემ.
18 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.
