თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია პარლამენტს მიმართავს, შენობების ფასადების „ვანდალურად დაზიანებასთან“ დაკავშირებით კანონი გაამკაცროს. პარალელურად, არსებული კანონის აღსრულების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ რამდენიმე ფოტოსურათი აჩვენა, სადაც „ვანდალურად მოხატული“ ფასადები ჩანდა.
„ფიქსირდება ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში 5000-მდე ფაქტია დაფიქსირებული. ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსავლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, მოხდეს მისი გამკაცრება.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს კანონის აღსრულება - ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ არავის დაჯარიმება არ უხარია და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დააზიანონ „შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო სარგებლობის ქონება“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება“, – დასძინა კალაძემ.
ამასთან, მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გოგი ჩიქოვანს დაავალა, „ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას ეხება. კერძოდ:
- შენობათა ფასადებზე, ვიტრინებსა და ღობეებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა ორმაგდება.
- ასევე, 2000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისთვის და იგივე ქმედების კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენისთვის. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 3500 ლარამდე იზრდება.
- დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
