„ეს არის სამარცხვინო, რასაც კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება და მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელსაც კრიტიკული ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კალაძის თქმით, რეალობა ის არის, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის გამთლიანებისთვის მუშაობს და ამისთვის „კონკრეტულ ნაბიჯებს“ დგამს.
„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანება ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
არცერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, გარედან გაკეთებული დავალება შეასრულეთ, ამით დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და 10 ათასობით ადამიანი აქციეთ დევნილად. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა“, - თქვა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
კალაძემ ივანიშვილის განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ „ერთ პატარა ნაბიჯად“ შეაფასა: „ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით. დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ივანიშვილის განცხადება მიუღებელია ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებისთვის. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი პოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
- „2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი“, - მაკა ჩიკვილაძემ მისი მეუღლის, საქართველს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
- „ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“, - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.
- „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ - შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის, ემზარ წილოსანის მეუღლე თეო წილოსანი.
- „2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამაჩაბლოში, სოფელ ერედვის მთაზე. ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი“ , - საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი.
- „ბოდიში ჩვენს გმირებს. არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას ნამდვილად არ ვიმსახურებდით“, - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული პოლკოვნიკის, დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი.
ივანიშვილის განცხადებამ მოწონება დაიმსახურმა რუსეთში. კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, „საქართველო წარმოუდგენლად ადეკვატურად იქცევა. თითქოს გამოვიდა მრავალწლიანი ალკოჰოლიზმიდან (ზაპოი) ან ფსიქოზიდან“.