კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

დაშავებული უნგრელი ჟურნალისტი / მარიამ ნიკურაძის ფოტო

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს, ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აქტივისტები ფიქრობენ, რომ მათზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. პოლიციას მოძალადეები არ დაუკავებია.

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მოღალატეთა ბუნაგის წევრები თავს დაესხნენ აქტივისტ ქალბს, რაზეც რეაგირება გვქონდა და თავი დავიცავით. პოლიცია ადგილზე არ იყო და ეს იყო წინასწარ განზრახული, რომ პოლიციას არა განემუხტა, არამედ სრულად მიეცა ჩვენზე ძალადობის უფლება. „ქართული ოცნების“ ტიტუშკამ მანქანა დაქოქა, აქტივისტ გოგოს ხელი მოჰკიდა და ორ მეტრზე გაათრია. ამაზე კრიმინალურ პოლიციას ის რეაგირება ჰქონდა, რომ ჩვენი დაკავება სურდა იმ მომენტში“, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში.

კალაძის მხარდამჭერების ნაწილი, რომელიც შტაბში იყო გამაგრებული და წინ პოლიციის კორდონი იცავდა, მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

ე.წ. ტიტუშკებმა ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში შეუშალეს ხელი. ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ცნობით, თავს დაესხნენ და ტელეფონები წაართვეს მათ ორ თანამშრომელს, რაზეც პოლიციას ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება. ფიზიკური დაზიანება მიაყენეს უცხოელ ჟურნალისტსაც.

„ნეტგაზეთის“ ცნობით, მათ ჟურნალისტს პოლიციელმა აგინა და მუშაობაში ხელი შუშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების“ კვალიფიკაცია მისცა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს“, - აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს აკისრებს და Facebook-ზე წერს: „გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.