ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ უარი თქვა ღირსების ორდენზე - ჯილდოზე, რომლითაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები დააჯილდოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
გიორგი ცინცაძე, რომელიც 20 წელი თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, პროევრული აქციების მონაწილეა.
„საშინელება ხდება, წინ რაც ხდება და რასაც ეს... პოლიციას ვერ დავარქმევდი. ეს დაჯგუფებები რომ დასდევენ ამ ხალხს, იჭერენ, სცემენ და რასაც მერე კადრებს ვნახულობთ, არის ენით აუწერელი და ტელევიზიაში ალბათ არ ითქმის, რაც ჰქვია ამ ყველაფერს. უბრალოდ, ვერ ვხვდები ხალხი რატომ არ ბრაზდება ამაზე და რატომ არ გამოდის. გამოდით! ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხალხია, ამდენი ჯანსაღი აზრია, არ ეშინია ხალხს და გამოდი!
მაგრამ ის ხალხსაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეშინია რაღაც თავიანთი სიკეთეების თუ კარგად ყოფნის გამო: ამაზე მაინც რომ ვერ აკეთებენ კომენტარს, უბრალოდ სირცხვილია. მოვა დრო და ალბათ თავადაც მიხვდებიან, რომ ეს სირცხვილია, რომ არ ღირს არაფერი - არც კარგად ყოფნა, არც თბილად ყოფნა, არც მთავრობაში და არც არსად ყოფნა, როდესაც როდესაც არ შეგიძლია შენი აზრი დააფიქსირო, თუნდაც იმაზე, რაც აქ, ქუჩაში ხდება“, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მყოფმა გიორგი ცინცაძემ 2024 წლის 4 დეკემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„ყველას მოთხოვნა არის ის, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული. ხალხს მეტროებიდან იტაცებდნენ, სახლებში სდიეს, ნაცემები არიან... არ ვიცი, როგორ შეილება ეს ასე დარჩეს და გავატაროთ, ვერ ვხვდები. და, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არის ჩვენი, ყველასი, ქართველი ხალხის მოთხოვნა. მიხარია და მომწონს, რომ ეს არ არის რაღაც პოლიტიკური პარტიების დაძახებული, ეს არის სუფთა ხალხის ემოციური შეკრება. [...] ეს ხალხი არ დაიშლება, სანამ არ მივაღწევთ იმ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ“, - ამბობდა კალათბურთელი 24 დეკემბერს, „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
გიორგი ცინცაძე იმ სპორტსმენებსაც აკრიტიკებდა, ვინც „ქართული ოცნების“ დეპუტატები გახდნენ:
„პარლამენტში ვინც სპორტსმენები არიან... როცა სპორტსმენები იყვნენ, მათი ძალიან მაგარი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ როდესაც პარლამენტში შედიხარ, არავის უნდა ეწყინოს, შენი გულშემატკივარი ვეღარ ვიქნები. მაგათი მიღებული კანონები... ჯერ ხომ ნონსენსია, მაგრამ... ეს ხალხი ასე ვერ იცხოვრებს. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი თვითონ მიხვდებიან, ვისზეც ვლაპარაკობ. არც მე არ მაქვს პრეტენზია პოლიტიკაში... მე გამოვდივარ და ჩემს სამოქალაქო აზრს ვაფიქსირებ, რომ პოლიცია რომ დადის და ხალხს ქუჩა-ქუჩა დასდევს და სცემს, ძალადობს ქართველ ხალხზე, ეს არის ცუდი, ეს არის დასაგმობი“, - უთხრა გიორგი ცინცაძემ გამოცემა „ნეტგაზეთს“ 19 დეკემბერს.
მანამდე გიორგი ცინცაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს, რომელთა მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ მედიკამენტის შემოტნა და დაფინანსება იყო.
„მე მხარს ვუჭერ მშობლების მოთხოვნას და მათ გვერდით ვარ. წამალი ბავშვებს! მოდით 3 საათზე კანცელარიასთან და ერთად დავუჭიროთ მათ მხარი“, ამბობდა კალათბურთელი 2023 წლის 27 აპრილს ვიდეომიმართვაში.
მიხელ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, 25 ივლისს დააჯილდოვა.
გიორგი ცინცაძე დაჯილდოების ღონისძიებასაც არ დაესწრო. მოგვიანებით მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ჯილდოზე უარი თქვა.
სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღირსების ორდენით 20-ზე მეტი სპორტსმენი დაჯილდოვდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე.
გიორგი ცინცაძე, მეტსახელად ბუ, ეროვნულ ნაკრებში 20 წელი თამაშობდა და სანაკრებო კარიერა 2024 წლის თებერვალში, 38 წლის ასაკში დაასრულა. მას ქართველ სპორტსმენებს შორის ყველაზე მეტი, 217 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და აბსოლუტური რეკორდსმენია.
კარიერის მანძილზე, გიორგი ცინცაძემ ნაკრებთან ერთად, ხუთჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატზე. სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს ჩემპიონი (2016) და საქართველოს თასის მფლობელი (2017).
