თბილისში, რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებაში ბრალდებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილს და 22 წლის დანიელ მუმლაძეს, მოსამართლე ლილი მსხილაძემ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
ბრალდებულები მზად იყვნენ დაზიანებული კამერების ღირებულება, 12 100 ლარი აენაზღაურებინათ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ. ამ მიზნით, ბრალიც აღიარეს. თებერვალში პროკურორმა დაადასტურა კიდეც, რომ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობდა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულებს უარი უთხრეს.
„მე ვერავინ დამაბრალებს, რომ ამ პროტესტების მომხრე ვიყავი, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიღებულია ზოგადი გადაწყვეტილება, არ გაფორმდეს საპროცესო ხელშეკრულება“, - განაცხადა ხუტაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმებაზე. განმარტა, რომ არ იყენებს დანიელის და გურამის მიმართ შეღავათებს იმიტომ, რომ რაღაც კონტექსტით ხასიათდება, თუმცა ეს კონტექსტი ნახსენები არ ყოფილა. დანიელი არის 22 წლის ბიჭი, 3 წლის ბავშვის მამა, რომელიც სრულწლოვნობის ასაკის მიღწევიდან მუშაობს ფიზიკურად მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი დღის ჩაგდების გარეშე. 3 წლის შვილს და ოჯახს არჩენს, იყო ერთადერთი მარჩენალი“, - თქვა დანიელ მუმლაძის ადვოკატმა ადვოკატი ომარ ფურცელაძემ.
„სანქცია იყო 3-დან 6 წლამდე, სასამართლომ განსაზღვრა მინიმალური სასჯელი, სამი წელი; სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, აღიარება, მათი ოჯახური მდგომარეობა და განსაზღვრა არა 6 წელი, არამედ 3 წელი“, – ამბობს პროკურორი თამარ იაკობიძე.
ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრით განესაზღვრა, რაზეც უარი ეთქვათ. მოსამართლემ უარი ასე ახსნა: „მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა“.
გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე თანამშრომლები და მეგობრები არიან. ისინი ერთად მუშაობდნენ პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრით დაშორებულ რესტორან „ზოდიაქოში“. ხუტაშვილი და მუმლაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.
თბილისში 6 თვეზე მეტია უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მრავალათასიანი გამოსვლები 28 ნოემბერს დაიწყო - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ. სხვადასხვა ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს აქციების 50-ზე მეტი მონაწილე.
