„ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ის წინააღმდეგობა, რაც კიდევ გაგვაჩნია რუსეთის წინააღმდეგ, უფრო სწორად, რუსეთის მიერ ქართული კულტურისა და საავტორო უფლებების წაღების წინააღმდეგ, ესეც ჩაახშონ და საბოლოოდ გაანეიტრალონ. დღეს ქართული კულტურა უკვე რუსეთის ხელშია. ეს ყველამ იცის და ძალიან ღია ფაქტია. ამით არ კმაყოფილდებიან და უნდათ, რომ ხელისშემშლელი გარემოებებიც აღარ ჰქონდეთ“, - განაცხადა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძემ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო.
„გიგას ერთი ცენტი თუ თეთრი, რომელ ვალუტაშიც გნებავთ, არ აქვს მითვისებული და არც მითუმეტეს გაფლანგული, პირიქით, ზედმეტობით აქვს გადახდილი ყველა იმ ავტორ-შემსრულებლისთვის, მათ შორის, განმცხადებლებისთვისაც. კარგად გაიარონ კონსულტაციები თავის იურისტებთან“, - თქვა გიგა კობალაძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.
საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) ქართველმა ავტორებმა 1999 წელს დააფუძნეს. ასოციაციის ძირითადი ფუნქცია საავტორი უფლებების გამოყენებისთვის ნებართვების გაცემა, ჰონორარის შეგროვება და მსოფლიოს მასშტაბით მისი განაწილებაა. GCA ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის წევრია და მას თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 253 საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გიგა კობალაძე ამ ორგანიზაციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.
2019 წელს, საქართველოში იდენტური პროფილის ორგანიზაცია, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია, იგივე „გერა“ დაფუძნდა, რომელსაც რუსული კავშირები აქვს. „გერას“ დამფუძნებლების ნაწილი ღიად გამოხატავდა რუსეთის ფედერაციის მიმართ სიმპათიას.
„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2023 წლის დეკემბერში, საქართველოში საავტორო უფლების მართვაზე კონტროლი სწორედ ორგანიზაცია GERA-მ მოიპოვა.
„მონიტორისთვის“ 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში გიგა კობალაძე ამბობს, რომ „ამის მიზანია რუსეთმა ეს სფერო ჩაიგდოს არა იმდენად საავტორო უფლებების კუთხით, არამედ იმიტომ რომ აკონტროლოს სახელოვნებო წრეები, ჰქონდეს მასზე გავლენა, როგორც ეს კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული, როგორც მათ შექმნეს ე.წ. წითელი ინტელიგენცია, როგორც აკონტროლებდნენ მათ, როგორც მათ იყენებდნენ პროპაგანდის იარაღად ინდოქტრინიზაციისთვის და ა.შ ასეთი პროცესები მიდის ახლაც, რომ საქართველოშიც დასაყრდენი ჰქონდეს რუსეთს“.