საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აზუსტებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 7 იანვარს, აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს 6 მოქალაქეა, რომელთაგან ერთ-ერთი გემის კაპიტანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიუღიათ.
„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ნავთობტანკერი Marinera (Bella 1), რომელიც აშშ-ის სამხედროებმა ატლანტის ოკეანეში დააკავეს, რუსული კომპანია Burevestmarine-ის საკუთრებაა. გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერს, რომ კომპანია რიაზანში ექვსი თვის წინ დარეგისტრირდა და მისი ერთადერთი მფლობელი ილია ბუგაია, ბიზნესმენი ანექსირებული ყირიმიდან. ის ასევე არის ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე „რუსნეფტეხიმტორგის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020 წელს აღნიშნულმა კომპანიამ 4 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა, თუმცა შემდეგ მისი შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და 2024 წელს ზარალი აჩვენა.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი Marinera (Bella 1) 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა ირანული ნავთობის ტრანსპორტირების გამო. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, გემი ირანიდან 2025 წლის აგვისტოში გავიდა და ვენესუელისკენ მიემართებოდა.
როდესაც ტანკერი დეკემბრის შუა რიცხვებში ვენესუელის სანაპიროს მიუახლოვდა, ეროვნული დროშის გარეშე მიცურავდა. აშშ-ის სანაპირო დაცვამ მისი დაკავება სცადა, თუმცა ტანკერის ეკიპაჟმა მოულოდნელად კურსი შეცვალა. ეკიპაჟმა ბორტზე რუსეთის დროშა აღმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, Bella 1-ს Marinera დაერქვა და რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეესტრში შევიდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ნავთობტანკერის დაკავებასთან დაკავშირებით. სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერმა 24 დეკემბერს მიიღო რუსეთის დროშის ქვეშ ნაოსნობის დროებითი ნებართვა და ახორციელებდა „მშვიდობიან სვლას“ ჩრდილოეთ ატლანტიკის საერთაშორისო წყლებში, რუსეთის პორტისკენ მიმავალ გზაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მ არაერთხელ მიიღო ინფორმაცია ტანკერის რუსული იდენტობისა და მისი „სამოქალაქო-მშვიდობიანი სტატუსის“ შესახებ.
„ამერიკული სამხედროების მიერ მშვიდობიან გემზე ღია ზღვაში გადასმა, მისი ფაქტობრივი დაკავება და ეკიპაჟის დატყვევება სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, ასევე ნავიგაციის თავისუფლების უხეში დარღვევა. ეს წარმოადგენს გემთმფლობელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელოვან დარღვევას. Marinera ეკიპაჟის, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები არიან, სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა. ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ ამერიკული ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ აბსურდული საბაბებით განხორციელებულ სამართლებრივი დევნის მუქარას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ Marinera „ყალბი რუსული ტანკერია“, რომელსაც სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყენებდნენ. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ეკიპაჟის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დააანონსა.
