ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ინიციატივას, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს, კატეგორიულად ემიჯნებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
კობახიძის განცხადებით, „ლელო“ ამ ინიციატივით მხოლოდ საკონსტიტუციო სარჩელისგან თავის დახსნას ცდილობს, რომლითაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი გზით თავის დროზე გიორგი გახარიას პარტიამ შეძლო პროცესისგან თავის დაღწევა, თუმცა ეჭვობს, რომ „ლელომ“ იგივე მოახერხოს.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ სალაპარაკო არაფერი აქვთ. პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და „სისხლის სამართლის დამნაშავეები“ ითხოვენ, რომლებმაც 2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იარაღად იქცნენ.
თავად „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც ირაკლი კუპრაძემ წარადგინა, ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, საერთაშორისო იზოლაციიდან და რეგიონული საფრთხეებიდან ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დიალოგი და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების გამართვაა. კოალიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ურთიერთგანადგურების ლოგიკის გადალახვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეროვნული კონსოლიდაცია, რასაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაც ადასტურებს.
„ლელოს“ ამ ინიციატივას კრიტიკით შეხვდა ოპოზიციის ნაწილიც. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კოალიციას „შტრაიკბრეხერობის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დიქტატურასთან საუბარი მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეუძლია. სააკაშვილის თქმით, გამარჯვება მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლით არის შესაძლებელი და არა მუხლებზე დამდგარი შეწყალების თხოვნით. ინიციატივას ასევე არ იზიარებს 9 პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსი.
