„ქართული ოცნების“ პარლამენტი არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ (Eagle Hills) პროექტის გამო „მეწარმეთა შესახებ“ კანონს დაჩქარებული წესით ცვლის. კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურე იყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია
- 6 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება დაკავშირებულია 2025 წლის ოქტომბერში გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლითაც საქართველოს მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Eagle Hills Development Holdings Limited ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამ კომპანიაში სახელმწიფოს წილი 50%-ზე ნაკლებია (33.33%), თუმცა სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენლების მონაწილეობა აუცილებლად მიიჩნევა.
„საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომლითაც განისაზღვრა თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კომპანიის - შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011) მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩო, მისი განხორციელების წესები.
„აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED“-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს „იგლჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში - ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით.
„ერთობლივი საწარმოს“ მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, აუცილებელია, მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ საჯარო მოსამსახურეები, რაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის ჩამოყალიბება ახლებური რედაქციით, რომლითაც დადგინდება, რომ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მსგავსად, შესაძლებელია, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროქტის განხორციელების მიზნით, „ერთობლივი საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეებისაგან, შესაძლოდ მოკლე ვადაში“.
2025 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Eagle Hills-ს შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც თბილისსა (დაახლოებით 600 ჰა) და გონიოში (260 ჰა) ორი მასშტაბური დეველოპერულ პროექტის („გონიო იახტკლუბი & ნავსადგური“ და „თბილისი წყლის პირას“) განხორციელებას ისახავს მიზნად. დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლების, ბარ-რესტორნების, გასართობი სივრცეებისა და იახტკლუბის მშენებლობა.
ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ინვესტიციის მოცულობა 6.6 მილიარდი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, „საინვესტიციო ხელშეკრულებას“ კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული.
