კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს, ფაქტობრივად, უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას და სიტყვებს აპატიმრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ანტიკორუფციულმა ბიურიმ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იმის გამო, რომ ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებენ როგორც ერთგვარ რეფერენდუმს (რუსეთსა და EU-ს შორის), რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა და მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში „ჩემი ხმა ევროკავშირს“. შესაბამისად, ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედი შეზღუდვები გაავრცელა.
„ხომ გახსოვთ 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა.
კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა:
(1) სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა;
(2) აცხადებს ამას საჯაროდ და
(3) ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.
ასეთ სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა, რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას - ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას, თავი აარიდო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც, როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს აქცევს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი რაც პარტიაზე ვრცელდება.
ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“ ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“ იძენს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს.
ახლა ის ვთქვათ, რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი), რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები):
- საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა;
- ყველა შემოწირულების დადეკლარირება;
- 5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა;
- კრედიტის აღების ლიმიტი;
- საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს, თუ რამის გადაცემა, დაპირებაც კი.
„ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
აღნიშნულ ორგანიზაციებსა და პირებს 5-დღიანი ვადა აქვთ, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება „მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის“.