„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სარჩელი დააკორექტირა. ასაკრძალი პოლიტიკური სუბიექტების ჩამონათვალს თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას პარტია „ფედერალისტები“ დაემატა. გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
პაპუაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი ოპოზიციურ ალიანსში „ფედერალისტების“ გაერთიანება გახდა. მისი თქმით, 2 მარტის დეკლარაციაზე ხელმოწერით ამ პარტიამ გაიზიარა ის „ანტიკონსტიტუციური ამოცანები“, რაც ალიანსის სხვა წევრებს აქვთ.
„დღეს ალიანსის რეალური ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია - „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი. ისინი ცდილობენ, ქვეყანა მარიონეტულ სახელმწიფოდ აქციონ. 2 მარტის დეკლარაციით მათ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები: არჩევნების დელეგიტიმაცია და კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება. შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება „ფედერალისტები“, - თქვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის შემადგენლობაში შემავალი 9 პარტიიდან „ოცნება“ მხოლოდ მათ აკრძალვას ითხოვს, რომელთაც პოლიტიკაზე „არსებითი გავლენა“ აქვთ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა: „კარგად ამკრძალე, ისე კისრისტეხით შევრბოდი არჩევნებში და... შე დებილო“, - დაწერა მან Facebook-ზე.
აღსანიშნავია, რომ ჩერგოლეიშვილს ადრეც ჰქონდა გაცხადებული, რომ მისი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალულია.
2025 წლის 31 ოქტომბერს, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი სარჩელი შეიტანა. მოთხოვნა იყო „ენმ-ის“, „ახალისა“ და „ლელოს“ აკრძალვა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებით.
2026 წლის 2 მარტს შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა („ენმ“, „ფედერალისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ედპ“, „თავისუფლების მოედანი“).
2026 წლის 20 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ძველი სარჩელის გამოხმობისა და ახლის შეტანის შესახებ, სადაც მეოთხე სუბიექტად „ფედერალისტები“ ფიგურირებენ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული სარჩელით დღესვე მიმართავენ.
