„ქართული ოცნების“ მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგისა და ელექტროენერგიის ფარული მოხმარების აღსაკვეთად გამრიცხველიანების პროცესს იწყებს. ზემო სვანეთის მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც გადასახადის გადახდა მოუწევთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია. დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სექტორს. უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, რის გამოც ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ნეგატიურად აისახება ტურიზმზეც“, - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა.

პრობლემის მასშტაბის წარმოსაჩენად მდინარაძემ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, მაშინ როცა მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 10 მილიონი კილოვატ-საათია.
„ეს ნიშნავს ელექტროსისტემის და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია მეტი კონკრეტიკა:
თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით იხდის 1,5 ლარს. პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდებოდა.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ზემო სვანეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა, რაც ენგურჰესის მიერ გარემოსა და ადგილობრივებისთვის მიყენებული ზიანის ერთგვარ კომპენსაციას წარმოადგენს. ამასთან, ზემო სვანეთი გაზიფიცირებული არ არის, რის გამოც მოსახლეობა ზამთარში გასათბობად ელექტროენერგიას და შეშას იყენებს. თუმცა, ამ შეღავათმა განაპირობა რეგიონში კრიპტოვალუტის (ძირითადად, ბიტკოინის) მწარმოებელი აპარატების, ე.წ. „მაინერების“ მასობრივი მომრავლება. სისტემის გადატვირთვის გამო, მოსახლეობა ზამთარში, საკურორტო სეზონზე, ხშირად უშუქოდ რჩება, რასაც გასულ წლებში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ეკლესიაში ხატზეც კი დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირდა.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში 9 979 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 79,59%, ანუ 7 942 სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.
ამ თემაზე:
