ტიტე აროშიძეს, „ქართული ოცნების“ წევრს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიცია არ აღიარებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დაკავება სურს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
კანდიდატების რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. ტიტე აროშიძის გარდა კონკურსში კიდევ ერთი კანდიდატი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე მონაწილეობს.
კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვას აკადემიური საბჭო 21 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყებს, 15:00 საათზე კი რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, ვისაც 11-წევრიანი აკადემიური საბჭოს უმრავლესობა (სულ მცირე 6 წევრი) მისცემს ხმას. კენჭისყრა ფარულია.
ბსუ-ის ყოფილი თანამშრომელი და მოწვეული ლექტორი გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ რექტორის პარტიული ნიშნით დანიშვნა იგეგმება.
„წნეხში ამყოფებენ უნივერისტეტს, რომ უნივერსიტეტის რექტორად მათთვის სასურველი კანდიდატი იქნეს არჩეული, რაც დაუშვებელია, უნივერსიტეტის საქმიანობასა და აკადემიურ თავისუფლებაში ხელის შეშლაა. უნივერსიტეტი დღეს მრავალი გამოწვევის წინაშეა და გამოუცდელი, არაკომპეტენტური კადრის დანიშვნა მიუღებელია“, - განაცხადა სურგულაძემ, რომელმაც სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა გასული წლის მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას შეუერთდა.
ტიტე აროშიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. 2020-2024 წლებში ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2018-2020 წლებში კი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მას 2022 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიანიჭა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლიდან მერაბ ხალვაში იყო, რომელიც ბსუ-ში ლექციებს 2000 წლიდან კითხულობს. უფლებამოსილების მეორე და ბოლო ოთხწლიანი ვადა მას 2024 წლის ივლისში ამოეწურა. ახალი რექტორის არჩევნები 19 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კონკურსში არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა. ახალი რექტორის არჩევამდე ხალვაში მის მოვალეობას ასრულებს.
ბსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი გააჩნია.
