„ქართული ოცნების“ მთავრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას ქმნის. შესაბამისი ცვლილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შევიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 პროკურატურამ ყვარლის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეტანა.
ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, 1-ელ მარტამდე მთავრობამ შსს-ს წარდგინებით უნდა დაადგინოს ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მასში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირებისათვის. აღნიშნულ მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტები:
- პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამის დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
დღეს პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე შესაძლებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 9 დეკემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „იარაღის შესახებ“ კანონსა და კიდევ 14 კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. მათ შორის იყო „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონიც.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არ არსებობის გამო „სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“.
„მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტში 2024 წლის ივლისში დაარეგისტრირა.
