„ქართულმა ოცნებამ“ 157 ენერგოკომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები პირობით აპატია

ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობითი ჩამოწერის პროცესი დასრულდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ერთი მილიარდი ლარის დავალიანება სულ 157 კომპანიას ეპატია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძემ აღნიშნა, რომ კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, რის გამოც 535 მგვტ სიმძლავრის პროექტები შეწყდება, „თუმცა გაგრძელდება 1560 მგვტ სიმძლავრის პროექტების განხორციელება“. ამ ეტაპზე კონკრეტული კომპანიების სია არ გასაჯაროებულა.

კომპანიებს ჯარიმები იმ დათქმით ჩამოეწერათ, რომ ენერგოპროექტების რეალიზების პროცესში ნაკისრ ახალ ვალდებულებებსა და ვადებს აღარ დაარღვევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაპატიები ჯარიმები კვლავ აღუდგებათ.

„ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

„ართული ოცნების“ გეგმის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე არსებული 4 700 მგვტ-დან 11 500 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, დაგეგმილია დამატებით 6 800 მგვტ სიმძლავრის ობიექტების მშენებლობა, სადაც გადამწყვეტი როლი დიდ ჰიდროელექტროსადგურებს ენიჭება.

„ქართული ოცნებიდან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4 000 მგვტ სიმძლავრე, რომელიც მზის, ქარის და ჰიდრორესურსის „სწორ ბალანსზეა“ გადანაწილებული.

მომდევნო 5 წელიწადში კი დაგეგმილია კიდევ 2 700 მგვტ-ის ათვისება, რომლის უდიდესი წილი სწორედ მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მოდის. ირაკლი კობახიძემ იმავე გადაცემაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ქვეყანას არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ენერგოსისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.