„ქართული ოცნების“ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 14 მარტს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ცალკე მუხლად დაემატება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვა, რაც უფრო მძიმე დანაშაული იქნება, ვიდრე გასაღება.
„დღევანდელ მოცემულობაში „ნარკოტიკების გასაღება“ თავის თავში მოიცავდა როგორც ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორესთვის ნარკოტიკის გადაცემას, ასევე, ნარკოტიკების გაყიდვასაც. პასუხისმგებლობა მოქმედი კანონითაც მკაცრი იყო, მაგრამ ახლა გთავაზობთ, რომ გაიმიჯნონ ის ადამიანები, რომლებიც ყიდიან სიკვდილს, იღებენ მატერიალურ ან ფულად სარგებელს და მათ მიმართ იყოს განსაკუთრებულად მკაცრი პასუხისმგებლობა.
მცირე ოდენობისთივს პასუხისმგებლობა 12 წლიდან დაიწყება – 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. დიდი ოდენობასთან დაკავშირებით იქნება 14 წლიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა“, – განაცხადა საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, დოზებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში დაზუსტდება. ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, მაგალითად, თუ დღეს განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩნევა 500 გრამი მარიხუანა (გამომშრალი), კანონპროექტით ასეთად 250 გრამია განსაზღვრული.
ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც და შესაძლებელი გახდება სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახუროს – ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
„ეს თავისთავად ხელს შეუწყობს სასამართლოში სამართალწარმოების გაუმჯობესებას და მათ შორის, ბრძოლას ნარკოტიკების გამსაღებლებთან თუ გამყიდველებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, პოლიციელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე პირის შემოწმების უფლება ექნება.
„თუ ადამიანი არის ზემოქმედების ქვეშ, მას ეს ვიზუალურად ეტყობა და არსებობს საკმარისი შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიციელს გაუჩნდეს მისი გადამოწმების საშუალება, მას სთავაზობს ორ საშუალებას – ან პოლიციელი გადაიყვანს შესაბამის ტესტირების დაწესებულებაში ან პირს შეუძლია არ გაყვეს პოლიციელს და თვითონ ექნება შესაძლებლობა 8 საათში ჩაიტაროს ტესტირება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს სამართალდამცავ ორგანოს. თუ პირი ამ ყველაფერზე უარს განაცხადებს, იგულისხმება, რომ იგი თავს არიდებს ტესტირებას“, - განმარტა გორდულაძემ.
შემოწმებისთვის თავის არიდება სამართალდარღვევა იქნება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
„რაც მნიშვნელოვანია, განსხვავებით კანონის მოქმედი რედაქციისგან, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის ნარკომომხმარებელი, მას 3 წლის ვადით შეეზღუდება მართვის მოწმობით სარგებლობა, ხოლო 5 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება, პედაგოგიური საქმიანობა, ასევე, იარაღთან დაკავშირებული სხვა უფლებები.
ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ამ 3-წლიან პერიოდში წელიწად-ნახევრის შემდეგ თუ პირი შესაბამის ტესტს მიიტანს, რითაც დადასტურდება, რომ აღარ არის ნარკომომხმარებელი, გადაიხდის გარკვეულ თანხას, შეძლებს, რომ აღიდგინოს მართვის მოწმობა. თუ ადამიანს მართვის მოწმობა არ აქვს, ის 3 წლის განმავლობაში ვერც გაივლის შესაბამის გამოცდას“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ნარკოვაჭრობა ორგანიზებულ დანაშაულთა რიცხვს დაემატება. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება.
ამასთან, ნარკომოვაჭრის ქონება დექვემდებარება ჩამორთმევას. ცვლილებების მიხედვით, ასეთ ქონებად ჩაითვლება ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
„შესაძლებელი იქნება სასამართლოს წესით ჩამოერთვას ქონება, რომელიც გადაეცემა სახელმწიფოს. არსებობს ასეთი იდეა, რომ ყველაფერი მიემართოს ისევ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები „დრაკონულია“ და არსებობს მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე.
