„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას ისახავს მიზნად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებით, პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს. კერძოდ, ასეთი პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები, ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასა და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამასთან, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეეძლება მოითხოვოს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, ასევე, შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც გასცდა კანონის მოთხოვნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით ექვემდებარება შეწყვეტას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირები მანიფესტაციის დროს იქონიებენ იარაღს ან ნებისმიერ ისეთ საშუალებას, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებული იყოს ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფისთვის, პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია 60 დღემდე პატიმრობა.
ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.
სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის განმეორებით არასრულწლოვნის მიერ დარღვევისთვის. ასეთი ქმდება დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მეორედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე.
