ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კახი კახიშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილის, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძის კანდიდატურები წარადგინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დარწმუნებული ვარ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 ივნისს, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შესახებ განაცხადეს.

„როცა ხარ მმართველი გუნდი, როცა ხარ ხელისუფლებაში, გიწევს უამრავ რაღაცას გაუწიო ანგარიში და უამრავ რაღაცაზე თვალი დახუჭო, რაღაცეები ვერ თქვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხმა უფრო მეტი სიმართლე უნდა იცოდეს და ამას ჩვენ ვეტყვით ხალხს“, - ასე ახსნა სუბარმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება. მოგვიანებით სამეულს კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. მათ მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, რომელშიც მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრიც გაერთიანდა.

პარტიიდან წასვლის შემდეგ დეპუტატებმა არაერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთეს. აშშ-ს საელჩო დაადანაშაულეს, რომ საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას ვერ ეგუება და გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს.

2 სექტემბერს „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. „ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით. მათ შორის, მინდა, ასევე, ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, სუბარი და ხუნდაძე, 10 სექტემბერს, მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელიც „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მმართველი გუნდის პოლიტიკა ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეფასდა 2022 წლის განვლილი პერიოდი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).