ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ძმები ხადარცევების სახელობის პირველ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც რუსეთში, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან - ორგანიზატორები მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ტურნირი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით გავიდნენ საბა კობახიძე, დიმიტრი ჯიოევი, გიორგი ელბაქიძე, ნიკოლოზ ბეშიძე, რეზო მარსაგიშვილი, ალექსანდრე მელაძე, ლევან ბაზაძე და გიორგი გოგრიჭიანი. ყველა მათგანმა ასპარეზობა პრიზის გარეშე დაასრულა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში სულ 24 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი უძლიერესი რუსი სპორტსმენები არ დაუშვეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე და ჩვენ არ მოგვცეს პარიზში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა [პუტინმა] თქვა: „თუ ჩვენს რუს ათლეტებს თავისთან არ უშვებენ, რუსეთში გავმართავთ ისეთ ტურნირებს, რომ ჩვენთან ჩამოვა ყველა ქვეყანა“, - განაცხადა მახარბეკ ხადარცევმა, ტურინირის ორგანიზატორმა, ყოფილმა მოჭიდავემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მისი თქმით, ტურნირი ყოველწლიური იქნება.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში განაცხადეს, რომ ტურნირში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ არაფერი იცოდნენ - მათ არც მიწვევა მიუღით და ვლადიკავკაზში არც არავინ გაუშვიათ.
„ეს სპორტსმენები არ არიან ნაკრების აქტიური წევრები, არც მათი მწვრთნელები. ისინი თვითნებურად წავიდნენ“, - განაცხადეს ჭიდაობის ფედერაციაში. მათივე თქმით, ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი მოჭიდავეები რუსეთში ჩავიდნენ. 2018 წელს გავრცელდა ფოტო, სადაც დაღესტანში, ევროპის ჩემპიონატზე, მოჭიდავეებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს, ასევე ნაკრების მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურები ეცვათ.
„ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის. მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!“, - განმარტა მაშინ გენო პეტრიაშვილმა, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულშია.